მივრბივარ, ალბათ ისე როგორც ლოლა.
შემამაჩნია ანიამ და გამომეკიდა, ეტლით.
მე ვერ ვამჩნევ და გავრბივარ.
შევდივარ შენობაში, სადაც სანთლის შუქია, ოთახის ბოლოში დგას მაგიდა, რეგისტრატურაა. მაგიდის უკან პატარა კარი. მე დაუკითხავად მივდივარ კარისკენ, ვაღებ კარს, რომელიც მუხლებამდე მწვდება, ვიხედები შიგნით და ვხედავ ძალიან დიდ სტადიონს, მზე ანათებს, ქონდრის კაცები მიდი-მოდიან. ჩემს დანახვაზე ყველა ჩემსკენ მოდის. ამ დროს ანიაც დამეწია. უცებ ვიღაც ბიჭი შემოვიდა, რომელიც ძიუდოს კლუბს ეძებდა. ჩემზე პატარა იყო, მაგრამ მაინც შემიყვარდა. გამოვედით ხელიხელჩაკიდებულები და დავიწყეთ ძიუდოს კლუბის ძებნა, თუმცა მე რატომღაც მეგონა, რომ როკ-კლუბს ვეძებდით.
სადღაც გაქრა, მე მარტო დავრჩი და შევხვდი ჩემი კლასელის ძმას, იმ კლასელის რომელიც დედის ერთაა. ეს მაღალი, ქერათმიანი, ცისფერთვალება ძმა ცდილობდა თავი მოეწონებუნა ჩემთვის, მე მეზიზღებოდა, ვცდილობდი თავიდან მომეშორებინა და ბოლოს გამოვიქეცი.
საღამოა და სიზმრის დახურვაა, ფოიერვერკი. მოვიდა ძიუდოს კლუბის მაძებარი, ცისფერმაიკიანი, ხუჭუჭთმიანი ბიჭი ჩამეხუტა და მე დავმშვიდდი.
Thursday, July 29, 2010
Wednesday, July 14, 2010
№ 6. (5.07.10)
ასათიანის თავში ჩამოვდივარ და ჩანთას ვტოვებ. ცოტა ხანში ამ 4-იანს ვაჩერებ მაჩაბლის და ასათიანის კუთხეში, ვიღებ ჩანთიდან ფულს და კარს ვკეტავ. მარშუტკა აგრძელებს გზას. უცებ ვხვდები, რომ შეიძლება ვეღარ ვიპოვო ეს 4-იანი და ჩანთასაც დავკარგავ და დარჩენილ ფულსაც. მივსდევ მარშურკას. სირბილის დროს ისე სწრაფად იცვლება ირგვლილვ ყველაფერი, რომ ახლა ვეღარც კი ვხვდები სად ვიყავი, თუმცა იქ ზუსტად ვიცოდი გზები, რამდენჯერმე მოკლეზე გადავჭერი გზა დადავინახე მარშუტკა, რომელიც გაჩერდა. რომელიღაც ფანჯრიდან შევიხედე და დავინახე უკნიდან 131 ეწერა, თან წითელი იყო, მე კი თეთრს მარშუტკაში ვიჯექი. შორს გავიხედე და თეთრი მარშუტკა ასათიანიდან დადიანზე უხვევდა, ისევ მოკლეზე გადავჭერი და გავაჩერე ლერმონტოვის და დადიანის კუთხეში, ავიღე ჩანთა და წამოვედი. გზად რომელიღაც ეზოსთან იჯდა სამი ბიჭი, რომლებსაც მივეცი კანფენი ''კიბოს კისერი''. ძალიან გაუხარდათ. ეს ადგილი ძალიან გავდა ბერიძეს, თუმცა ზუსტად ვიცოდი რომ ლერმონტოვი იყო. ჩამოვჯექი მათ გვერდით და დავიწყეთ ლაპარაკი.
№ 5. (27.06.10)
მივბობღავ, მივცოცავ ნარიყალას აღმართზე, როგორც იქნა ავაღწიე, გადავიხედე და დავინახე ქათქათა, სუფთა, მოელვარე, ბრწყინავი მტკვარი, თვალს მჭრიდა. ბოლოს და ბოლოს ავედი და გავსწორდი, ჩამოვჯექი მოსასვენებლად იქვე ბალახზე, გავიხედე მარჯვნივ და დავინახე კაცი, რომელიც გადახტა ქვევით, იმ გზაზე საინდანაც მოვედი, ძალიან შემეშინდა , ვერ გადავიხედე არ მინდოდა თავგამსკდარი კაცის ნახვა (ეს კაცი სხვათაშორის ცხოვრობს მთაწმინდაზე, არ ვიცი რა ქვია, ხშირად მხვდება ხოლმე ქუჩაში და მაღაზია ''მარი''-ში ზის ხოლმე).
უცებ საიდანღაც გაჩნდა ვიღაც გოგო, რომელსაც ვერც კი მივხვდი ვიცნობდი თუ არა, ამ გოგომ დამაიმედა არაფერი მოსვლიაო, თუ არ გჯერა გადაიხედეო, გადავიხედე და იქ კაცი არ იყო, ის კაცი ამოდიოდა ზევით მეორე მხრიდან. მერე ამ გოგო ვუთხარი, რომ ძალიან მეფსია, მან კი მითხრა, ცოტა მოითმინე და კაი ადგილას წაგიყვანო, მე ვკითხე იქ ტუალეტი არის მეთქი და იმან კიო. მე ვეღარ მოვითმინე, გავიღვიძე და ტუალეტში წავედი.
Monday, June 14, 2010
№ 4. (14.06.10)
ვეძებ ''იფქლის'' პურს მთაწმინდა-სოლოლაკის მასშტაბით. ვარ ბერიძე-ჩაიკოვსკის კუთხეში მაღაზიაში, გამყიდველი მატყუებს და ცდილობს შემომაჩეჩოს სხვა პური, უფრო ძვირიანი (1.20 ღირდა და ისე 75 ღირს). მე არ ვტყუვდები. მივუყვები ჩაიკოვსკის ქუჩას ჭონქაძისკენ, კუთხეში ვხედავ გოგოს, რომელსაც ნარუჯი მარტო წელს ზევით აქვს, თან ძალიან შესამჩნევად. ეს გოგო რატომღაც დრო გამოშვებით წინ იხრება და ამ დროს მთელი ზურგი უჩნდება. ახლა უკვე ჭონქაძეს მივუყვები ზევით, მთაწმინდის მიმართულებით, გზად შემხვდა კაცი ბავშვით, საშუალო ასაკის ქალი და კიდევ ერთი ქალი, მოხუცი, მაგრამ ძალიან მოვლილი. რატომღაც მათი სახეები ძალიან მომეწონა. გავიფიქრე რა ლამაზები, არა განსხვავებულები იყვნენ ისინი სხვებისგან, და თითქოს მადლიერი ვიყავი ბუნების, ამდენი განსხვავებული ადამინი, რომ არსებობს. ამასობაში აღმოვჩნდი მაღაზია ''მარი''-ში, ვარდისფერი რომაა გარედან. შევედი და გამყიდველი იყო ნათლიაჩემი, ოღონდ სრულიან განსხვავებული, თმა მოკლედ ქონდა შეჭრილი და თვალები ლურჯად, გამომწვევად შეღებილი. რა თქმა უნდა მივესალმე და ''იფქლის'' პური ვთხოვე. ამასობაში მივხვდი, უფრო სწორედ გამახსენდა, რომ ჩემი ნათლია ანალიზური ქიმიის ლექტორი ყოფილა. უეცრად აღმოვჩნდი გარეთ, ჭონქაძეზე ისევ და დავინახე ჯერ წითელი ძველებური კაბრიოლედი, რომელმაც უდიდესი სისწრაფით ჩამიქროლა და რომელშიც 2 წუთის წინ ნანახი ნათლიაჩემი იჯდა, თანაც ისე გამომწვევად იქცეოდა ეჭვი შემეპარა ნამდვილად ის იყო თუ არა. გადავედი ქუჩის მეორე მხარეს და ახლა დიდმა კამაზმა ჩამიქროლა, იმაშიც ნათლიაჩემი იჯდა და სიგარეტის ბოლში იყო გახვეული.
ცოტა ხანში ვუყურებ როგორ ერთობა ჩემი ნათლია, ტექნოლოგიის ლექტორი და სხვები. სვამენ, ხუმრობენ და ეწევიან. მერე ვხედავ როგორ ჯდებიან წითელ კაბრიოლეტში და ისევ ჭონქაძე, დეჟავუ: კაბრიოლეტმა ჩამიქროლა.
Friday, June 11, 2010
№ 2. (10.06.10)
ტრიალი მინდორი, მზე ზენიტშია. მე და ჩემი ბავშვობის დაქალი, კლასელი ვზივართ პლედზე და რაღაცაზე ვსაუბრობთ. მე ვიხვეწები დაწოლას, ის კი ყურადღებას არ მაქცევს და აგრძელებს ისტორიის თხრობას, რომელიც მე საერთოდ არ მაინტერესებს. საინტერესოა პლედის იმ კუთხეში საითკენაც ფეხს მივაბრუნებ, ფლეშ საიტებზე რომ არის ისე გამოიშლება მენიუ. მენიუს არსი არ მახსოვს და გაგრძელება დამავიწყდა.
№ 1. (09.06.10)
ლექციაზე ვზივარ, ჩამობნელებულია აუდიტორია, რაღაც მისტიური აურა დგას, შევხედე ლექტორს რომელიც კედელზე აქეთ-იქით დადის, ტელეფონზე ლაპარაკობს ძალიან ხმამაღლა. არავინ აქცევს ყურადღევას, მე კი მივჩერებივარ მის თეთრ ლაკის ''ტუფლებს'' პატარა ქუსლით და ამ ქუსლს ხან კედლის ერთ კუთხეში ვხედავ, ხან მეორეში. მოვბრუნდი და კიდევ ერთხელ გადავხედე აუდიტორიას ყველა თავის საქმეშია გართული. მე კი რატომღაც, მხოლოდ ის მიკვირს თუ რატომ ლაპარაკობს ლექტორი ლექციის დროს ტელეფონზე, თან ასე ხმამაღლა. ნეტა ვის ეჩხუბებოდა? გაგრძელება დამავიწყდა.
Subscribe to:
Comments (Atom)