Monday, June 14, 2010

№ 4. (14.06.10)

ვეძებ ''იფქლის'' პურს მთაწმინდა-სოლოლაკის მასშტაბით. ვარ ბერიძე-ჩაიკოვსკის კუთხეში მაღაზიაში, გამყიდველი მატყუებს და ცდილობს შემომაჩეჩოს სხვა პური, უფრო ძვირიანი (1.20 ღირდა და ისე 75 ღირს). მე არ ვტყუვდები. მივუყვები ჩაიკოვსკის ქუჩას ჭონქაძისკენ, კუთხეში ვხედავ გოგოს, რომელსაც ნარუჯი მარტო წელს ზევით აქვს, თან ძალიან შესამჩნევად. ეს გოგო რატომღაც დრო გამოშვებით წინ იხრება და ამ დროს მთელი ზურგი უჩნდება. ახლა უკვე ჭონქაძეს მივუყვები ზევით, მთაწმინდის მიმართულებით, გზად შემხვდა კაცი ბავშვით, საშუალო ასაკის ქალი და კიდევ ერთი ქალი, მოხუცი, მაგრამ ძალიან მოვლილი. რატომღაც მათი სახეები ძალიან მომეწონა. გავიფიქრე რა ლამაზები, არა განსხვავებულები იყვნენ ისინი სხვებისგან, და თითქოს მადლიერი ვიყავი ბუნების, ამდენი განსხვავებული ადამინი, რომ არსებობს. ამასობაში აღმოვჩნდი მაღაზია ''მარი''-ში, ვარდისფერი რომაა გარედან. შევედი და გამყიდველი იყო ნათლიაჩემი, ოღონდ სრულიან განსხვავებული, თმა მოკლედ ქონდა შეჭრილი და თვალები ლურჯად, გამომწვევად შეღებილი. რა თქმა უნდა მივესალმე და ''იფქლის'' პური ვთხოვე. ამასობაში მივხვდი, უფრო სწორედ გამახსენდა, რომ ჩემი ნათლია ანალიზური ქიმიის ლექტორი ყოფილა. უეცრად აღმოვჩნდი გარეთ, ჭონქაძეზე ისევ და დავინახე ჯერ წითელი ძველებური კაბრიოლედი, რომელმაც უდიდესი სისწრაფით ჩამიქროლა და რომელშიც 2 წუთის წინ ნანახი ნათლიაჩემი იჯდა, თანაც ისე გამომწვევად იქცეოდა ეჭვი შემეპარა ნამდვილად ის იყო თუ არა. გადავედი ქუჩის მეორე მხარეს და ახლა დიდმა კამაზმა ჩამიქროლა, იმაშიც ნათლიაჩემი იჯდა და სიგარეტის ბოლში იყო გახვეული.
ცოტა ხანში ვუყურებ როგორ ერთობა ჩემი ნათლია, ტექნოლოგიის ლექტორი და სხვები. სვამენ, ხუმრობენ და ეწევიან. მერე ვხედავ როგორ ჯდებიან წითელ კაბრიოლეტში და ისევ ჭონქაძე, დეჟავუ: კაბრიოლეტმა ჩამიქროლა.

Friday, June 11, 2010

№3. (11.06.10)

მთლიანად დამავიწყდა.

№ 2. (10.06.10)

ტრიალი მინდორი, მზე ზენიტშია. მე და ჩემი ბავშვობის დაქალი, კლასელი ვზივართ პლედზე და რაღაცაზე ვსაუბრობთ. მე ვიხვეწები დაწოლას, ის კი ყურადღებას არ მაქცევს და აგრძელებს ისტორიის თხრობას, რომელიც მე საერთოდ არ მაინტერესებს. საინტერესოა პლედის იმ კუთხეში საითკენაც ფეხს მივაბრუნებ, ფლეშ საიტებზე რომ არის ისე გამოიშლება მენიუ. მენიუს არსი არ მახსოვს და გაგრძელება დამავიწყდა.

№ 1. (09.06.10)

ლექციაზე ვზივარ, ჩამობნელებულია აუდიტორია, რაღაც მისტიური აურა დგას, შევხედე ლექტორს რომელიც კედელზე აქეთ-იქით დადის, ტელეფონზე ლაპარაკობს ძალიან ხმამაღლა. არავინ აქცევს ყურადღევას, მე კი მივჩერებივარ მის თეთრ ლაკის ''ტუფლებს'' პატარა ქუსლით და ამ ქუსლს ხან კედლის ერთ კუთხეში ვხედავ, ხან მეორეში. მოვბრუნდი და კიდევ ერთხელ გადავხედე აუდიტორიას ყველა თავის საქმეშია გართული. მე კი რატომღაც, მხოლოდ ის მიკვირს თუ რატომ ლაპარაკობს ლექტორი ლექციის დროს ტელეფონზე, თან ასე ხმამაღლა. ნეტა ვის ეჩხუბებოდა? გაგრძელება დამავიწყდა.